

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ჩაატარებს იტალიური "ნაპოლის" წინააღმდეგ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი აღნიშნულ შეხვედრას 2 დილემით ხვდება, რომლებიც საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გადაუჭრია.
პირველი დაცვის ცენტრში ინიგო მარტინესსა და პაუ კუბარსის შორის ერთ-ერთის დაყენებას ეხება. ნეაპოლში გამართულ მატჩში რონალდ არაუხოს "მაესტრომ" ინიგო შეუწყვილა, ვიქტორ ოსიმენის გოლის ეპიზოდში კი სწორედ ბასკი დაიჩაგრა. გარდა ამისა, 17 წლის კუბარსი ბრწყინვალე ფორმაშია, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ის ვიხილოთ.
რაც შეეხება ჩავის მეორე ამოცანას, იგი ფრენკი დე იონგისა და პედრის გარეშე დარჩენილი ნახევარდაცვის ჯეროვნად დაკომპლექტებაში მდგომარეობს.
ილქაი გიუნდოგანსა და ანდრეას კრისტენსენს ძირითად თერთმეტეულში ადგილი წესით გარანტირებული უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება მესამე შუახაზელს, ის "მაესტრომ" ფერმინ ლოპესსა და სერხი რობერტოს შორის უნდა აარჩიოს.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდები ერთმანეთს ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაუპირისპირდებიან.