"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომპანიონობა გუნდის გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გაუწია.
გთავაზობთ 32 წლის მეკარის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში სამწლიანი პაუზის შემდეგ? ეს დამსახურებულია. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს გავახარებთ. ძალიან აღელვებულები ვართ."
"ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოსაგებად ბრძოლა ჩვენივე შეცდომების გამო ვერ მოვახერხეთ. ხვალ კარგი დღეა, რათა სიტუაციის შემოტრიალება დავიწყოთ. ფინალში 2015 წლის შემდეგ არ ვყოფილვართ, რაც ჩვენი ბრალი იყო. ყოველთვის ვფიქრობ, რომ შანსს კიდევ მივიღებთ. სწორედ ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ ხვალინდელ დღეზე და არა წარსულზე."
"მივიჩნევ თუ არა "ბარსას" ფავორიტად? ტრავმებმა ნახევარდაცვაში რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკარგინა. განსხვავება სხვა მოთამაშეებმა უნდა შექმნან. იმედია, გზას ხვალ გავაგრძელებთ."
"საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოველთვის რთულია. გარედან ყველაფერს უკეთ ხედავ. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი ვარ და ამას გამოცდილებიდან ვასკვნი. მინდა შეამჩნიოთ, რომ აქ ვარ. დაბრუნება სასიამოვნო შეგრძნებაა."
"შეტყობინება გულშემატკივრებს? ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ. ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ველი, რათა სიამოვნება მივიღო."
"ჩავისთან დამშვიდობება? ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება. მან გვითხრა, რომ ეს არ დასრულდება და მუდამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ის დიდებული სპეციალისტია, რომელმაც უმაღლეს დონეზე დაგვაბრუნა. ჩავი ბევრს მუშაობს, რომ ყოველ 3-4 დღეში თამაში შევძლოთ. ძალიან ძნელია, რომ მის წასვლას შეეგუო და ამას ვამბობ არა მარტო როგორც მეგობარი, არამედ როგორც ფეხბურთელიც."
"ხვალინდელ მატჩში წარმატების გასაღები "ნაპოლის" წნეხის ქვეშ მოქცევა და მათთვის შანსების მიუცემლობა იქნება. ბურთთან ერთად თავი ისე უნდა დავიცვათ, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე. პირველ მატჩში ეს გამოგვივიდა და მეტოქისთვის ბურთის დამალვა ახლაც უნდა ვცადოთ."
"400 მატჩი "ბარსელონაში"? 10 წლის წინ, როცა აქ სუბისარეტამ მომიყვანა, ამაზე ვილაპარაკეთ. იმედი მაქვს, რომ 400-ზე გაცილებით მეტ შეხვედრას ჩავატარებ. ამ მაისურის ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია."
შეგახსენებთ, რომ ესპანურ-იტალიური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.