როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ჩაატარებს და იტალიური "ნაპოლის" ბარიერის დაძლევას ეცდება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
"ხვალინდელი მატჩი უმნიშვნელოვანესია. ძლიერ ოპონენტს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვეთამაშებით. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება."
"პედრი, ბალდე, გავი და ფერანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ხვალ მოვისაკლისებთ, თუმცა გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც მატჩზე თავიანთი კვალის დამჩნევა შეუძლიათ. მათ მე ვენდობი."
"ხვალ სამსახურის შესანარჩუნებლად ვითამაშებ? უკვე ვთქვი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დავტოვებ. მე არ ვარ ის, ვისზეც უნდა იყოთ ფოკუსირებული."
"პაუ კუბარსიმ და ლამინ იამალმა ხვალ მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე უნდა იფიქრონ და უნდა იამაყონ, რომ მათ ასაკში ასეთ დონეზე უწევთ თამაში."
"ვივარჯიშეთ თუ არა პენალტების სერიისთვის? ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის ვართ მზად."
"ფერანი? ის 100%-ით მზად არ არის. გარისკვა არ გვინდა."
"კრისტენსენის საყრდენობა თამაშზე მეტი კონტროლის დამყარების საშუალებას გვაძლევს. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ."
"გულშემატკივრებმა უნდა იხმაურონ. "მონჟუიკი" ხვალ ზეწოლის მანქანად უნდა იქცეს. თავი ისე უნდა ვიგრძნოთ, როგორც "კამპ ნოუზე" ვიგრძნობდით. ყველა ქომაგს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ."
"ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლიში" ყველაზე მეტად მომწონს? ლობოტკა. ვფიქრობ, მას "ბარსაში" სათამაშოდ საკმარისი დონე აქვს, არასდროს კარგავს ბურთს და გუნდს დაცვიდან შეტევაში გადასვლაში ეხმარება."
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ხვალინდელი ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.