"ბარსელონას" კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველს, ფრანკ კესიეს გუშინ თავის კატალონიურ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჰქონდა. 26 წლის ნახევარმცველმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა.
"ელ კლასიკოს" ერთადერთი გოლი, რომელიც ედერ მილიტაომ საკუთარ კარში შეაგდო, სწორედ კესიეს აქტიურობის შემდეგ გავიდა. ფრანკს დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა მის აუღებელ დარტყმას ანსუ ფატი გადაეღობა.
გამოცდილმა შუახაზელმა "სამეფო კლუბთან" მოგებულ დაპირისპირებაზე მატჩის შემდეგ ისაუბრა.
"რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი? მენტალიტეტი. დაცვითი და მენტალური კუთხით, ჩვენი სიძლიერე გამოვავლინეთ. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა.
არ მადარდებს, რომ გოლი მე არ ჩამეთვალა. მთავარი ისაა, რომ ბურთი კარის ბადეში გაეხვა და თანაგუნდელებს დავეხმარე.
კუნდეს დიდებული მატჩი ჰქონდა. მას ცენტრალურ მცველად დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა ეს მისი ფავორიტი პოზიციაა. არ არის ადვილი, ითამაშო ქარიმ ბენზემას, ბრწყინვალე ფეხბურთელისა და ბრწყინვალე გოლეადორის წინააღმდეგ, მაგრამ კუნდემ ამას თავი კარგად გაართვა.
"რეალის" "ბერნაბეუზე" დამარცხება ახდენილი ოცნებაა, თუმცა ჩვენ საპასუხო მატჩიც სათამაშო გვაქვს," - თქვა კესიემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანკმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 29-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ასისტია.