8 თვის და 3 კვირის წინ
"ეს შეიძლება მოხდეს" - ლევანდოვსკი მეტოქეებს აფრთხილებს
"ეს შეიძლება მოხდეს" - ლევანდოვსკი მეტოქეებს აფრთხილებს

"ბარსელონას" პოლონელმა ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოსკიმ "ნაპოლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ არხს მისცა ინტერვიუ.

35 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანას" მომავალ მეტოქეებს აფრთხილებს, რომ გუნდი აუცილებლად მოუმატებს.

"პირველ ტაიმში რომ სულსწრაფობა არ გამოგვეჩინა და რამდენიმე შეტევაში 2-3 პასით ზედმეტი გაგვეკეთებინა, მესამე გოლს გაცილებით ადრე გავიტანდით. ამის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშავოთ. ეს გაგვაძლიერებს და მატჩების მალევე მოკვლაში დაგვეხმარება.

თითოეული დარტყმა თავდაჯერებას მიზრდის, თუნდაც ავაცილო. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ შანსი კიდევ იქნება. ბურთს როდესაც არ ვიღებ, ვღიზიანდები.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნათლად ჩანდა, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის სივრცეები რჩებოდა. სერხი რობერტოს მოედანზე შესვლა ეფექტური იყო. ის ყოველთვის მოძრაობს, ბურთიანად თუ უბურთოდ, და წინ მიიწევს.

გიუნდოგანთან თამაში თვალდახუჭულიც შეიძლება. ის ყოველთვის იდეალურ პოზიციაზეა და ამტკიცებს, რომ სულელურად სირბილს ჭკვიანურად დგომა სჯობს ხოლმე.

ჩვენ მეოთხედფინალამდე გაუმჯობესება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდნენ და ლაზარეთს ახალი მოთამაშეები არ დაემატნონ," - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისთვის მე-3 გოლი გაიტანა. მეოთხედფინალში კატალონიური გრანდი საკუთარ მეტოქეს 15 მარტს გასამართი წილისყრის შედეგად შეიტყობს.



Facebook კომენტარები