"ბარსელონას" გასახდელში შეთანხმებულები არიან, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მათთვის ყველაზე სასურველი მეტოქე დორტმუნდის "ბორუსიაა", - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.
როგორც ჩანს, "ბლაუგრანაში" მიაჩნიათ, რომ "შავ-ყვითლების" ბარიერი უფრო მარტივი გადასალახია, ვიდრე დანარჩენი 6 შესაძლო მეტოქისა.
სიმართლის მარცვალი ამაში მართლაც შეიძლება მოიძიოს, რადგან შემადგენლობით "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენილთაგან ყველაზე სუსტ გუნდად განიხილება, თუმცა მოწინააღმდეგის დაუფასებლობა დამღუპველი შეიძლება გამოდგეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ედინ ტერზიჩის გუნდი სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. "დორტმუნდმა" "პარი სენ ჟერმენი", "მილანი" და "ნიუკასლი" ჩამოიტოვა, რაც საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთით გააკეთა. მათ არ გასჭირვებიათ მერვედფინალში "პსვ ეინდჰოვენის" დამარცხებაც..
რაც შეეხება ბუნდესლიგას, "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრები იქ ასეთივე წარმატებით ვერ გამოდიან. "ბორუსია" მეოთხე პოზიციაზეა და მეხუთეადგილოსან "ლაიფციგს" სულ 1 ქულით უსწრებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.