logo

8 ვარსკვლავი, რომელმაც "ბარსა" უარით გაისტუმრა

8 ვარსკვლავი, რომელმაც "ბარსა" უარით გაისტუმრა

ფეხბურთის რიგითი ქომაგის გადმოსახედიდან ჩანს, რომ ისეთ დიად კლუბებში, როგორებიც "რეალი", "ბარსელონა" და სხვანი არიან, ნებისმიერ მოთამაშეს უნდა უნდოდეს ასპარეზობა, თუმცა ხანდახან ასე არ ხდება.

ხანდახან ფეხბურთელები უარს ამბობენ გრანდებში თამაშზე და ამას შემდგომ თავადვე ხსნიან.

წინასიტყვაობიდან უნდა მიმხვდარიყავით, რომ ამ სტატიაში გვექნება საუბარი 8 ფეხბურთელზე, რომლებმაც "ბარსაში" გადაბარგების შანსი განზრახ გაუშვეს ხელიდან და ეს საჯაროდაც აღიარეს.

1. კევინ გამეირო

ევროპა ლიგის "სევილიასთან" ერთად კიდევ ერთხელ მოგების შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" სატრანსფერო სამიზნე გახდა.

2016 წელს კატალონიელები მისით აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ტრანსფერი არ შედგა.

ამის განმაპირობებელ მიზეზებზე კევინმა Le10Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"ამ ზაფხულს მე უნდა გამეკეთებინა არჩევანი "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის, მაგრამ რა უნდა მექნა კატალონიაში? ის მესი, ნეიმარი და სუარესი არიან.

ამ ფეხბურთელებს ყველა მატჩის ბოლომდე თამაში სურთ და მოედნიდან 10 წუთით ადრე გასვლაზეც კი უარს ამბობენ."

საბოლოო ჯამში გამეირო 28 მილიონ ევროდ "როხიბლანკომ" შეიძინა, ახლა კი იგი "ვალენსიაში" ასპარეზობს.

2. კოკე

2014 წლის ზაფხულში, როცა მადრიდის "ატლეტიკოს" ლა ლიგა ახალი მოგებული ჰქონდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონად ითვლებოდა, "ინდიელების" ლიდერებზე ნამდვილი ლიდერობა დაიწყო. 

ფელიპე ლუისი, დიეგო კოშტა და ტიბო კურტუა "ჩელსიმ" წაიყვანა, ხოლო მირანდა "ინტერს" შეურთდა.

ასეთივე ნაბიჯს ელოდნენ კოკესგანაც, რომლითაც "ბარსა" იყო მოხილული.

"რეალობა ისაა, რომ რაღაც ნაწილს ჩემში "ბარსელონასთვის" უარის თქმა უმძიმდა, მაგრამ მინდოდა, კიდევ მრავალი წელი გამეგრძელებინა თამაში ჩემს სახლში, "ატლეტიკოში".

წასვლის დრო არ იყო. კლუბსაც არ სურდა ჩემი გაყიდვა. როგორი საქციელი იქნებოდა, რომ "ატლე" ჩემს საუკეთესო წლებში დამეტოვებინა?

"ბარსას" ინტერესი ნიშნავს, რომ ჩემს მიერ გაწეული სამუშაო დაფასდა, მაგრამ მე ახლა სახლში ვარ." - თქვა მაშინ კოკემ.

"ატლეტიკოში" მას შემდეგ ესპანელმა ევროპის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.

3. მარკო ასენსიო

არსებობდა საკმაოდ რეალური შანსი, რომ ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" გვეხილა.

"რეალში" ტრანსფერის შემდეგ ახალგაზრდა ესპანელმა ეს თავადვე დაადასტურა:

"მქონდა შანსი, რომ "ბარსაში" ან სხვა გუნდებში წავსულიყავი, მაგრამ მე "რეალი" ავირჩიე. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ჩაცმა ახლა არ შემეძლო. მინდა, რომ ძირითად შემადგენლობაში დამვკვიდრდე, მაგრამ გუნდში ჩემზე გამოცდილი ფეხბურთელები არიან."

დროთა განმავლობაში მარკო მართლაც ჩამოყალიბდა "სამეფო კლუბის" საკვანძო მოთამაშედ და მან გუნდის საოცარ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

4. რაფაელ გერეირო

მაშინ როცა ევრო 2016 ყველასდა მოულოდნელად პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო, "ლუზიტანელთა" ფლანგის მცველი, რაფაელ გერეირო, რომელიც ფრანგულ "ლორიენში" ირიცხებოდა, ევროპული გრანდების რადარზე აღმოჩნდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, მისით "ბარსელონაც" გახლდათ დაინტერესებული.

"ბარსასთვის" უარის თქმა ურთულესი გადაწყვეტილება იყო.

მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა და "ბორუსიას" წინადადებამ უფრო დამარწმუნა." - განაცხადა გერეირომ.

პორტუგალიელი დორტმუნდელთა სასტარო თერთმეტეულის შეუცვლელი წევრი გახდა. 2019/20 წლების სეზონში მას ყველა ტურნირზე 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლიც გატანილი.

5. მაურისიო ლემოსი

შესაძლოა ეს სახელი ახლა აღარაფერს გეუბნებათ, მაგრამ 2017 წელს ახალგაზრდა მცველს "ასულგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.

ახალგაზრდა ურუგვაელი "ლას პალმასის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. შემოთავაზების მიუხედავად, მან კატალონიელები უარით გაისტუმრა.

"როცა ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ, ნათელია, რომ 20 წლის ასაკში საკმარის სათამაშო დროს ვერ მივიღებდი.

ვფიქრობ, რომ "ლას პალმასში" დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ამიტომ არასდრო იცი, თუ რა სჯობს განვითარებისთვის." - თქვა წლების შემდეგ ლემოსმა.

მაურისიო შემდგომ იტალიურ "სასუოლოში" იქნა განათხოვრებული. აპენინური ვოიაჟის შემდეგ კი ისევ კანარის კუნძულებზე დაბრუნდა.

6. ტიაგო სილვა

ბრაზილიელი ცენტრალური მცველის სახელი ბოლო წლებში "პსჟ-ს" სიმბოლოდ იქცა, მაგრამ არ იყო გამორიცხული, რომ "მილანიდან" წასვლის შემდეგ იგი "ბლაუგრანაში" გვეხილა.

"ბარსას" რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევა ვთხოვე, მაგრამ მათ დიდი მოწადინება ვერ შევამჩნიე. მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის კარგი სიტუაცია არ იქნებოდა. სანდრო როსელისადმი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ეს საქმე არ გამოვიდა." - უთხრა სილვამ ESPN-ს.

ასეა თუ ისე, ახლა ნათელია, რომ 2017 წლის 8 მარტის საღამოს, როცა "პარის სენტ-ჟერმენმა" "კამპ ნოუზე" ისტორიაში ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა, ტიაგოს გულში სინანულის გრძნობა მაინც გაივლებდა.

7. დარიო სრნა

ზემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა "ბარსას" უარი თავიანთ საუკეთესო წლებში უთხრეს, სრნა კი იმ დროს უკვე ვეტერანად ითვლებოდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ხორვატ განაპირა მცველს 2017 წლის იანვარში მოაკითხეს, მაგრამ მან თავის საყვარელ დონეცკის "შახტარს" არ უღალატა.

"მინდა, რომ კარიერა "შახტარში" დავასრულო და როცა პრეზიდენტმა მითხრა, რომ ახალ კონტრაქტს მიმზადებდნენ, მადლობა გადავუხადე.

ნებისმიერ პირობაზე დასათანხმებლად მზად ვიყავი. ალბათ, იცით "ბარსას" ამბავზე, მაგრამ ჩემი გული "შახტარს" ეკუთვნის." - ბრძანა დარიომ.

ვინ თქვა, რომ ფეხბურთში ერთგულება მოკვდა?

8. დავიდ ლუიზი 

გახსოვთ, როცა "პსჟ-ს" ყველამ დასცინა იმის გამო, რომ ლუიზში "ჩელსის" 50 მილიონი ევრო გადაუხადეს? მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამასთან "ბარსელონაც" ახლოს იყო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბრაზილიელმა მცველმა ეს თავადვე დაადასტურა.

"სიმართლეა, რომ "ბარსამ" ჩემი დამატება რამდენჯერმე სცადა და ყველაფერი კარგად ჩანდა, თუმცა მივხვდი, რომ გუნდი, რომელსაც რეალურად ვუნდოდი, "პსჟ" იყო." - გაამხილა დავიდმა.

ამის მერე ლუიზი ისევ "სტემფორ ბრიჯზე" დაბრუნდა, 2019 წლის ზაფხულში კი ლონდონის "არსენალის" წევრი გახდა.

2 თვის წინ
555 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 555
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი