როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ჩავის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ხვალ გადამწყვეტი მატჩი გვექნება ჩემპიონთა ლიგის დონის ოპონენტის წინააღმდეგ."
"პსჟ"? ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე გვერგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. ალბათ, "პსჟ" ფავორიტია მათ მიერ ბოლოს განხორციელებული ტრანსფერების გამო, ოღონდ ჩემპიონთა ლიგის მეტი ტიტული ისტორიას ჩვენს მხარეს აყენებს."
"პაუ კუბარსი ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე? აქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ამ ახალგაზრდებთანაც ის განმეორდეს, რაც პედრის მოუვიდა."
"ფერან ტორესმა და მარკოს ალონსომ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ვნახავთ ისინი განაცხადში მოხვდებიან თუ არა."
"ჟოაუ ფელიქსი? "ატლეტიკოსთან" ბოლო მატჩში ის გასაოცარი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც არანაკლებ მოტივირებული იქნება."
"ფერმინ ლოპესი და პაუ კუბარსი შარშან აბსოლუტურად უცნობი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ახლა გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამ შემადგენლობაში დიდი ტალანტია თავმოყრილი."
"რატომ ვერ მოერგო გრიზმანი "ბარსელონას"? კლუბს მისი გაშვება ეკონომიკური სიტუაციის გამო მოუხდა. გრიზმანი ძალიან მომწონს."
"დეკუს თითქმის ყოველდღე ვესაუბრები. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს."
"როცა ფრენკი 100%-ით იქნება მზად, იგი დაბრუნდება. იმედია, ეს "პარი სენ ჟერმენთან" მატჩისთვის მოესწრება."
"ჩემი სამომავლო გეგმები? ამ სეზონის შემდეგ მხოლოდ დასვენება მინდა."
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" მატჩი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.