Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ფერნანდო პოლომ "ბარსელონას" პორტუგალიელი ფლანგელის, ჟოაუ კანსელუს მომავლის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
წყაროს თანახმად, კანსელუ დარწმუნებულია იმაში, რომ "ბლაუგრანაში" სურს დარჩენა, მიუხედავად "მანჩესტერ სიტისთან" 2027 წლის ივლისამდე გაფორმებული კონტრაქტისა.
28 წლის ფეხბურთელი თავისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის იმედზეა. სწორედ მენდეშმა უნდა უზრუნველყოს ჟოაუს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა, იქნება ეს კიდევ ერთი იჯარისა თუ პერმანენტული ტრანსფერის ფორმით.
კლუბში არსებული რწმენით, "სიტიზენებმა" კანსელუს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტი არ უნდა მოითხოვონ.
თუ "ქალაქელებმა" გამოცდილ ფლანგელს უფრო მაღალი ფასი დაადეს, "ბარსა" საიჯარო ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე დაიწყებს მუშაობას.
მენდეში მანჩესტერში მალე გაემგზავრება და ამ გეგმას "სიტის" უფროსობას წარუდგენს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში ჟოაუმ თავი 4 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.