"ბარსელონას" 35 წლის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი კატალონიური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გუშინ ჩაატარა. მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართულ საგარეო შეხვედრაში პოლონელი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ რობერტმა "ბლაუგრანას" ოფიციალურ არხს მცირე ინტერვიუ მისცა.
"უკანასკნელ კვირებში ჩვენი ვარჯიში ცოტათი მეტად ინტენსიური გავხადეთ. ფიზიკური მონაცემების მხრივ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ნაბიჯის წინ გადადგმის დროა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩასატარებელი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და უკეთ უნდა ვითამაშოთ.
"პსჟ-სთანაც" ისევე ვითამაშებთ, როგორც დღეს. ან სულაც უკეთესად! ჩვენი მიზანი ეს არის და ვიცით ისიც, რა არის საჭირო მის შესასრულებლად. ამ გუნდს ბევრი რამ შეუძლია.
ვიცი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხარში უნდა ამოვუდგე, მაგრამ დახმარება მათგანაც მჭირდება! ეს პასებსა და ჩაწოდებებში უნდა გამოიხატოს," - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-13 გოლი გაიტანა. იგი ბომბარდირთა დავის ლიდერ ჯუდ ბელინგემს 3 გოლით ჩამორჩება.