"ბარსელონას" პორტუგალიელ ფლანგელს, ჟოაუ კანსელუს მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართული მატჩის გამოტოვება მოუწია. თავდაპირველად გაჟღერდა, რომ ჟოაუ ფიზიკურ დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა დღეს სხვაგვარი ცნობები ვრცელდება.
როგორც ირკვევა, 30 წლის ფეხბურთელს სერიოზული პირადი პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ არ გაემგზავრა იგი მადრიდში.
სხვათა შორის, კანსელუს შესახებ მატჩის შემდეგ ფერმინ ლოპესმა და ჩავიმ ისაუბრეს.
ფერმინი: "მინდა ეს გამარჯვება კანსელუს მივუძღვნა, რომელსაც ახლა რთული პერიოდი უდგას."
ჩავი: "ჟოაუ ძალიან მგრძნობიარე და განსაკუთრებული ბიჭია, ძალიან დიდი გულით. იმან, რომ დღეს გუნდთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო, ძალზედ დაამწუხრა."
ჯერ არავის უთქვამს, თუ კონკრეტულად რა პრობლემის წინაშე დგას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავი. როგორც ჩანს, სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ამაზე ღიად ლაპარაკი ნაადრევია.
შესაბამისად, არავინ იცის, როდის დაბრუნდება ჟოაუ. თუმცაღა შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ იგი პორტუგალიის ნაკრებს არ შეუერთდება და პირდაპირ "ლას პალმასთან" გასამართ მატჩს დაელოდება.