"ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე, "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, რონალდ არაუხოს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულისგან" სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, - იუწყება SPORT.
როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვით ურუგვაელსა და "ბლაუგრანას" შორის მიმდინარე საკონტრაქტო მოლაპარაკებები გაყინული გახლდათ. სწორედ ამ დროს იჩინეს თავი პრემიერლიგურმა გრანდებმა.
"ბლაუგრანა" არაუხოს ხელფასის მკვეთრად მომატებას ვერ ჰპირდებოდა, რადგან ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოო ჯამში, არაუხოს შედარებით მოკრძალებულ ანაზღაურებაზე მოუწია დათანხმება.
მიზეზი, რატომაც რონალდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან მარტივია - მას "ბარსაში" სურს წარმატების მიღწევა. 23 წლის მცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნობაზე ოცნებობს და სხვაგან თამაში ვერ წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, რომ არაუხოს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა 20 მატჩი ჩაატარა და თითო-თითო გოლ-ასისტი მიითვალა.