ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" რომ საყრდენი ნახევარმცველის დამატებას ეცდება, ამაზე უკვე დიდი ხანია ვიცით. SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნეთა სიაში ახლა 4 კანდიდატია:
ამადუ ონანა (ევერტონი)
"ევერტონის" ბელგიელი ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" ყველაზე მეტად მოსწონთ. 22 წლის ფეხბურთელი ძლიერია ფიზიკურ ორთაბრძოლებში, კარგად გამოიყურება მეორე სართულზე და პოზიციურ თამაშშიც დაოსტატებულია.
დეკუმ უკვე დაიწყო ინფორმაციის მოძიება ამადუს შესახებ, თუმცა "კანფეტები" მას 60 მილიონ ევროდ აფასებენ, ეს კი "ბარსასთვის" შეიძლება გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, თუ "ევერტონი" პრემიერ ლიგიდან გავარდება, მათი მოთხოვნებიც შემცირდება, ამიტომ კატალონიურ გრანდში ონანაზე ფიქრს ჯერ არ წყვეტენ.
იოზუა კიმიხი (ბაიერნი)
კიმიხს "ბაიერნის" უფროსობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, კონტრაქტი კი 2025 წლის ივლისში ეწურება. მაშასადამე, ზაფხულში მისი ტრანსფერზე დაყენების შანსი ძალიან დიდია. 29 წლის გერმანელს "ბარსას" დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა მისი ხელფასი და ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებისგან მომდინარე კონკურენცია "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" პრობლემას წარმოადგენს.
მატს ვიფერი (ფეინოორდი)
ნიდერლანდური გუნდის შუახაზელზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში ასევე ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვთ. დეკუ მატსის თაობაზე "ფეინოორდის" ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და "ბარსას" ექსფეხბურთელს, ჯოვანი ვან ბრონხოსტს გაესაუბრა. 24 წლის ვიფერის შესაძენად 25 მილიონი ევროც საკმარისი იქნება, რაც "ბლაუგრანასთვის" მის კანდიდატურას კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის.
ალეიქს გარსია (ჟირონა)
ამ ოთხეულში "ბარსას" ყველაზე მეტი ინფორმაცია სწორედ გარსიაზე აქვს, რამეთუ იგი "ჟირონას" წლევანდელი წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. მართალია, 26 წლის ესპანელს უფრო ცენტრალურ ნახევარმცველად ვიცნობთ, თუმცა "ბარსელონაში" სჯერათ, რომ მას საყრდენობაც შეუძლია. აღსანიშნავია კატალონიურ კლუბებს შორის არსებული კარგი სატრანსფერო ურთიერთობაც, რაც ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვისა და მისი განხორციელების გამარტივების ალბათობას ზრდის.