მიუნხენის "ბაიერნი" იოზუა კიმიხს 70-80 მილიონ ევროდ აფასებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული Kicker-ი ავრცელებს.
29 წლის ნახევარმცველს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. შესაბამისად, ძალიან რთული გასაგებია, თუ რატომ უნდა გადაიხადოს იოზუას მსურველმა მის ზაფხულში შესაძენად ზემოთხსენებული თანხა, როცა სულ მალე იგი ისედაც თავისუფალი აგენტი გახდება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბაიერნს" კიმიხთან წელს გამომშვიდობება არ უნდა და მის შენარჩუნებას ამ გზით აპირებს.
გამოცდილი შუახაზელის ტრანსფერს ჩავი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვდა, თუმცა დეკუმ ეს თავიდანვე შეუსრულებელ ამოცანად დასახა, მიზეზად კი კლუბის ფინანსური მდგომარეობა მოიყვანა. თუ ბავარიელთა მიერ დადებულ ფასს გავითვალისწინებთ, ეს მისია "ბლაუგრანასთვის" წელსაც შეუსრულებლად დარჩება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში კიმიხმა 1 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.