"მანჩესტერ სიტი" ბერნარდუ სილვას 65 მილიონ ევროდ აფასებს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტა პორტუგალიელი ვარსკვლავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად მუშაობს, რათა ზაფხულში ტრანსფერი განხორციელდეს.
"ბარსელონაში" არ უნდათ, რომ ბერნარდუს 65 მილიონ ევროდ ყიდვის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან. კლუბს "ქალაქელთათვის" გადასახდელი ფული აქვს, "ბარსაში" თამაში სილვასაც სწადია, მაგრამ პრობლემას ფეხბურთელის ხელფასი და სატრანსფერო ფეარ-პლეი ქმნის.
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "ბარსას" მოქმედებებს ფხიზლად ადევნებს თვალყურს. 28 წლის ნახევარმცველის "კამპ ნოუზე" გადაბარგების მთავარ დამაბრკოლებლად შეიძლება სწორედ ლა ლიგის მკაცრი წესები იქცეს.
SPORT წერს იმასაც, რომ ბერნარდუ "ეტიჰადზე" წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და უფრო მაღალი ანაზღაურება სურს. ეს უკვე კატალონიურ გრანდშიც იციან.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" სილვას შეძენას 2022 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის მონაგარი 4 გოლი და 5 ასისტია.