ლა ლიგის 30-ე ტურში "ბარსელონამ" "ლას პალმასს" უმასპინძლა და მეტოქე რაფინიას მიერ 59-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" საქმე იმანაც გაუადვილათ, რომ მეტოქე 24-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
მინიმალური სხვაობით მოგებული შეხვედრა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
"ბალანსი პოზიტიურია. ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით და სივრცეებს კარგად ვუტევდით. ამბიციაც გვაქვს და სურვილიც.
რაფინია იმდენად დინამიურია, რომ შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ასევე ძალიან დიდი ინტენსივობით თამაშობს."
"ცივსისხლიანობის ნაკლებობამ იმაზე მეტი ენერგია დაგვახარჯინა, ვიდრე ვისურვებდით."
"ჩემი მომავალი? ახლა დასვენებისა და "პსჟ-ზე" ფიქრის დროა. არაფერი იცვლება. კლუბისთვის ჩემი სეზონის ბოლომდე დარჩენა იმაზე უკეთესი სცენარია, ვიდრე მთავარი მწვრთნელის ვადაზე ადრე განთავისუფლება იქნებოდა."
"თავს ძალიან კარგად ვიცავთ. წითელ ბარათამდე ბურთი ბევრჯერ დავიბრუნეთ. თავდაცვა საკვანძოა იმ გზაზე, რაზედაც ჩვენ ვდგავართ. პრესინგი კარგად გამოგვდის, ინტენსიურები ვართ. პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია."
"რეალმა" ხვალ რომც მოიგოს, ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენზე ეს არაა დამოკიდებული. დღეს საშინაო დავალება შევასრულეთ და ყოველდღე ასე უნდა გავაკეთოთ."
"მინდა გამოვყო ის უდიდესი სამუშაო, რასაც სერხი რობერტო ტრავმის მოშუშების შემდეგ სწევს."
"რაფინიას გაუქმებული გოლი სერიოზული სამსაჯო შეცდომაა."
გუშინდელი გამარჯვებით "ბარსამ" ლა ლიგის ლიდერ "რეალთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამ სხვაობის გაზრდა "სამეფო კლუბს" დღეს ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხებით შეეძლება.