7 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსელონამ" შეიძლება "ბაიერნის" ფეხბურთელი ინათხოვროს
"ბარსელონამ" შეიძლება "ბაიერნის" ფეხბურთელი ინათხოვროს

მიუნხენის "ბაიერნი" იანვარში დამატებული თავდამსხმელის, ბრაიან სარაგოსას იჯარით გაშვებაზე ფიქრობს, ამით სარგებლობას კი "ბარსელონა" აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

თუ ბრაიანი "რეკორდმაისტერს" დატოვებს, მისი პრიორიტეტი ესპანეთში დაბრუნება იქნება. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 22 წლის შემტევის დამატების იდეა გასული წლის ივნისშიც ჰქონდათ და ახლაც ყურადღებით არიან.

პირობების მისაღებობის შემთხვევაში, "ბლაუგრანა" შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

როგორც ირკვევა, ბრაიანის აგენტი "ბარსას" სპორტულ დირექტორს, დეკუს 2023 წლის იანვარში შეხვდა. კატალონიურმა კლუბმა მაშინ ივნისამდე დაცდა ამჯობინა, რათა ენახა, "გრანადა" გავარდებოდა თუ არა ლა ლიგიდან, რაც ბრაიანის ფასის შემცირებასაც გამოიწვევდა.

საბოლოო ჯამში, ბრძოლა "ბაიერნმა" მოიგო. მიუნხენელებმა თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადეს და "გრანადაში" მისი ერთი სეზონით დატოვებაც განიზრახეს, თუმცა საწყისი გეგმები შეიცვალა - სარაგოსამ ბავარიული გრანდის მაისური იანვარშივე მოირგო.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაიანმა 21 მატჩში მოასწრო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. "ბაიერნში" ჩატარებულ 2 შეხვედრაში მას შედეგიანი მოქმედება ჯერ არ ჰქონია.



Facebook კომენტარები