"ბარსელონას" ხელმძღვანელობის ყოფილმა წევრმა, ხავიერ ბორდასმა El Chiringuito-ს გაუმხილა, რომ კატალონიურ გრანდს სხვადასხვა დროს კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის დამატება შეეძლო
"გადაწყვეტილების მიღება მე რომ შემძლებოდა, კილიან მბაპე "ბარსელონაში" ითამაშებდა. როცა "პსჟ-მ" ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, კილიანის საყიდლად საჭირო თანხა გვქონდა, მაგრამ მენეჯმენტმა დემბელე აირჩია.
მბაპესთან მივედი, მამამისს ვესაუბრე. ის "ბლაუგრანაში" თამაშზე თანახმა იყო. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ კილიანი განაღდებული გვყავდა.
ჰოლანდს ესპანეთში თამაში უნდა. მას "ბარსას" მაისურის მორგებაც სურდა. ნორვეგიელი კლუბს "ზალცბურგისთვის" გადასახდელი 20 მილიონი ევრო და მინო რაიოლასთვის გადასახდელი ასევე 20 მილიონი ევრო დაუჯდებოდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, სუარესი ჯერ კიდევ გუნდში ირიცხებოდა და მწვრთნელებმა ერლინგზე უარის თქმა გადაწყვიტეს," - თქვა ბორდასმა.
მაშასადამე, მბაპეს შეძენის შანსი "ბარსას" 2017 წლის ზაფხულში ჰქონდა, ჰოლანდის საგის სავარაუდო პერიოდად კი 2020 წლის იანვარი უნდა ვიგულისხმოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა "მანჩესტერ სიტის" ცხრიანს "ბარსას" ახლაც უკავშირებს ხოლმე, კილიანის "რეალში" წასვლა კი თითქმის გადაწყვეტილია.