"ბარსელონას" გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა ესპანურ SPORT-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ თემაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა გამოცდილ შუახაზელს ხუმრობით ისიც ჰკითხა, მომდევნო სეზონში "ბლაუგრანას" მოთამაშე-მწვრთნელად თუ მოგვევლინებოდა, რადგან ჩავი ერნანდესის წასვლა გადაწყვეტილად განიხილება, მისი შემცვლელი კი კლუბმა ჯერ ვერ მონახა.
ილქაიმ ამ შეკითხვას ასევე ხუმრობით უპასუხა.
"მათ ჯერ ეს არ უთხოვიათ, მაგრამ ვნახოთ. თუ ეს მოხდება, მომდევნო სეზონში ამდენ მატჩს ვეღარ ჩავატარებ.
მწვრთნელობა მომავალში? სიმართლე გითხრათ, ამის სურვილი მაქვს. გიჟი ვიქნებოდი, ამაზე რომ არ მეფიქრა, რადგან კარიერის განმავლობაში ბრწყინვალე სპეციალისტებთან მიმუშავია. თითოეული მათგანისგან ვისწავლე. ზოგიერთ ასპექტს ისინი ერთნაირად უყურებენ, ზოგიერთს კი განსხვავებულად. ეს ჩემთვის კარგია, რადგან ერთნაირ პრობლემებთან სხვადასხვანაირად გამკლავება მაქვს ნასწავლი.
დიახ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი თავი მწვრთნელად წარმომიდგენია," - თქვა გიუნდოგანმა.
33 წლის გერმანელს მიმდინარე სეზონში 41 მატჩში აქვს ნათამაშები. მის ანგარიშზე 5 გოლი და 10 ასისტია.