მას შემდეგ, რაც უსმან დემბელემ "ბარსადან" პარიზს მიაშურა, იგი საუცხოო ფორმაში შევიდა. 26 წლის ფრანგი შემტევი "პსჟ"-ში თავს ძალიან კარგად გრძნობს, ვინაიდან მისი როლი კლუბში საკმაოდ დიდია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლუის ენრიკემ მას, კილიან მბაპესთან ერთად, გუნდის მთავარი შემტევი ძალის სტატუსი მიანიჭა.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ განსხვავებით მისი ესპანური კარიერისგან, დემბელეს ხშირი ტრამვები უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ის ფიზიკურად საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება და დაზიანება ძალიან დიდი ხანია არ მიუღია.
მოგეხსენებათ მას შემდეგ, რაც 2018 წელს "ბარსელონამ" ის "დორტმუნდის ბორუსიიდან" 105 მილიონ ევროდ იყიდა, დემბელეს კარიერა წარუმატებლად წარიმართა, რისი უმთავრეი მიზეზიც გაუთავებელი ტრავები გახლდათ. მისი ყველაზე შედეგიანი სეზონი ბლაუგრანას რიგებში 2018-19 წლების სეზონი იყო, სადაც 15 გოლსა და 15 ასისტს მოუყარა თავი. კარიერის მონდევნო ეტაპზე კი სეზონთა უმეტეს ნაწილს ის ლაზარეთში ატარებდა.
ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დემბელემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯამში 1 გოლი და 13 ასისტი მოაგროვა. ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელის შეფასებისას მხოლოდ სტატისტიკით მსჯელობა არ იქნება მართებული, ვინაიდან დემბელეს ამ სეზონის პერფორმანსი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს ციფრებში ჩანს.
შეგახსენებთ, რომ დემბელე პსჟ-ს 2023 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი "transfermarkt"-ის მონაცემებით 60 მილიონ ევროს შეადგენს.