7 თვის და 2 კვირის წინ
"ფავორიტები ისინი არიან, რადგან..." - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის წინ
"ფავორიტები ისინი არიან, რადგან..." - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს შეკითხვები როგორც თავისი გუნდის, ასევე ხვალინდელი მეტოქის, "პარი სენ ჟერმენის" შესახებ დაუსვეს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან.

"ლუის ენრიკესთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა, როცა იგი გუნდს ხელმძღვანელობდა. ვფიქრობ, ჩემმა კაპიტნობამ რთულ მომენტებში მას ბევრჯერ გაუწია დახმარება. ამას სიამაყით ვიხსენებ."

"დემბელესთან კომუნიკაცია წილისყრის შემდეგ მქონდა და ერთმანეთს ვუთხარით, რომ პარიზში შევხვდებოდით. მას პატივს ვცემ. უსმანმა აქ მოსვლა გადაწყვიტა, ეს მისთვის გამოწვევა იყო და ამიტომაც მგონია "პსჟ" ფავორიტი. ზაფხულში მათ ჩვენ დიდებული ფეხბურთელი წაგვართვეს."

"სიურპრიზები ხვალინდელ მატჩში? არ ვიცი, ეს ფეხბურთია. მისი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ვეცდებით, რომ ცვლილებები გავაკონტროლოთ. ლუის ენრიკეს ბევრი რამ შეუძლია და ბევრსაც მუშაობს, რადგან მას კარგად ვიცნობ. ეს ერთი-ერთზე მოსაგები დაპირისპირება იქნება."

"ჩემი პირველი მეოთხედფინალი მწვრთნელის რანგში? ამას გამოწვევად და პასუხისმგებლობად განვიხილავ, რამეთუ "ბარსას" ქომაგები ძალიან აღელვებულნი არიან. შეიძლება სეზონის საუკეთესო მონაკვეთი გვიდგას და ფეხბურთელები სუპერმოტივირებულები არიან."

"ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე "ბარსელონას" დნმ-ს 4 სპეციალისტი წარმოადგენს: პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე, მიკელ არტეტა და მე. ეს ჩვენზე ბევრს ამბობს."

"იმის თქმა, რომ ფავორიტები არ ვართ, სტრატეგია არ არის. მე ასე ვფიქრობ. ფავორიტად "პსჟ-ს" მივიჩნევ. მათ დემბელე წაიყვანეს და ჩვენზე მეტი ფული დახარჯეს. ეს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შექმნილი გუნდია."

"ლუის ენრიკე? უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ერთსა და იმავე რამეს ვეძებთ. რაღაც ასპექტებში ის არის უკეთესი, რაღაც ასპექტებში მე ვარ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ერთი მიზანი გვამოძრავებს. აქ საკამათო არაფერია."

"მბაპეზე პერსონალური მეურვის დაწესება? ეს არ მომწონს. რაოდენობრივი უპირატესობის მოპოვება და მისი ასე განეიტრალება სხვა საკითხია, თუმცა ეს არ მომწონს."

"ეს პერიოდი პროექტისთვის გადამწყვეტია? რა თქმა უნდა, ეს შედეგებზეა დამოკიდებული. წარმატება დიდ დაფასებას მოგვიტანს. სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის, წინ გადამწყვეტი 2-3 კვირა გველოდება."

შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბარსას" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები