"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე "კადისს" დაუპირისპირდება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცს, ჩავი ერნანდესს ბევრი შეკითხვა დაუსვეს. ერთ-ერთი მათგანი "ბლაუგრანას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს მიერ "პარი სენ ჟერმენთან" ნაჩვენებ ბრწყინვალე პერფომანსსაც შეეხებოდა.
"ჟიულ კუნდეს თამაშით ძალიან მოხარული ვარ. ის ჩემთვის ლამის პირადი ტრანსფერი იყო. ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ბევრი დადებითი თვისება აქვს.
ჟიული "ბარსას" მცველი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, სად და რამდენ უკანახაზელთან ერთად ითამაშებს იგი. ის მცველია და გუნდს ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც ყველა. ეს აშკარაა," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მოარული ხმების მიხედვით, 2022 წელს "მაესტრომ" პირადად დაარწმუნა მაშინ "სევილიას" მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი, რომ "ჩელსისთვის" უარი ეთქვა და "ბლაუგრანას" რიგებში ეთამაშა.
25 წლის კუნდე ახლა ბრწყინვალე ფორმაშია, ზაფხულში კი მისით ბევრი გუნდი იქნება დაინტერესებული. ერთ-ერთ ასეთად "პსჟ-ც" მოიაზრება.