"ბარსელონას" 33 წლის უკანახაზელს, მარკოს ალონსოს ევროპული კლუბისგან სარწმუნო შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია, - იუწყება Football Espana მატეო მორეტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მარცხენა მცველს ახლა მხოლოდ სხვა კონტინენტებიდან აქვს ვარიანტები, თუმცა ალონსო ასე მალე მათზე დათანხმებას არ აპირებს. დიდი ალბათობით, იგი კიდევ დაიცდის.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფლანგელის "ბლაუგრანადან" წასვლა უკვე გადაწყვეტილია. იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ესპანურ პრესაში აქამდე გაჟღერებული ცნობების თანახმად, მარკოსს მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი თითქმის შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალობა სხვაგვარია.
ალონსო "ბარსამ" 2022 წელს შეიძინა ლონდონის "ჩელსიდან". კატალონიურ გუნდში მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
მიმდინარე სეზონში მარკოსს სულ 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.