"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის დღეს გამართულ მატჩში კატალონიელებმა პენალტი გააფუჭეს. თერთმეტმეტრიანი ფერან ტორესმა გააცუდა - ესპანელის საკმაოდ ცუდად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
ლა ლიგაში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მიმდინარე სეზონში ორი პენალტი აქვთ შესრულებული და მათ გოლად ვერცერთი გარდაქმნეს. პირველ ჯერზე რობერტ ლევანდოვსკის არ გაუმართლა. პოლონელმა "ალმერიასთან" ვერ გაიტანა.
"ბარსას" მთავარ პენალტისტად სწორედ ლევანდოვსკია მიჩნეული. როგორც დღეს ვნახეთ, ლევას არყოფნაში ფერან ტორესი ურტყამს ხოლმე, თუმცა დღეს 23 წლის შემტევმა შანსი ვერ გამოიყენა.
შესაძლოა, ტორესის დღევანდელი წარუმატებლობის შემდეგ "ბლაუგრანას" მეორე პენალტისტი შეიცვალოს კიდეც.
ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება ფრანკ კესიეც კი იყოს. კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველი "მილანში" შტატიანი პენალტისტის როლს ასრულებდა. სერია ა-ში დარტყმული 26 თერთმეტმეტრიანიდან ფრანკს 23 აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსას" ერთადერთი შედეგიანი პენალტი ევროპა ლიგაზე ვიხილეთ. რობერტ ლევანდოვსკიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა.