7 თვის და 2 კვირის წინ
"ეს სირცხვილია" - ჩავიმ "რეალთან" მატჩის მერე თავი ვერ შეიკავა
"ეს სირცხვილია" - ჩავიმ "რეალთან" მატჩის მერე თავი ვერ შეიკავა

ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა დასრულებულია. მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" წუხელ 3:2 მოუგო და ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა.

კატალონიელები გუშინ ორჯერ იყვნენ ანგარიშში წინ. ჯერ ისინი ანდრეას კრისტენსენის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ფერმინ ლოპესის დარტყმით, მაგრამ ვინისიუსმა და ლუკას ვასკესმა წონასწორობა ორჯერ აღადგინეს, ბოლო წამებზე კი ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

შეხვედრა დახუნძლული გახლდათ სკანდალური მომენტებით. კითხვებს აჩენდა ის პენალტიც, რომელიც ვინისიუსმა შეაგდო, მაგრამ მთავარი სკანდალი ლამინ იამალის დარტყმის მერე "სამეფო კლუბის" კარში შესულმა ბურთმა გამოიწვია. ლა ლიგაში შესაბამისი ტექნოლოგიის არარსებობის გამო, ვერ გაირკვა, მთლიანად გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, რამაც ჩავი ერნანდესი ძალიან გააბრაზა.

"მაესტრომ" ბრაზი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოხატა.

"ყველამ დაინახა, რომ უკეთესები ვიყავით. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა ეს 17-18 წლის ბიჭები 20 წლისანი გახდებიან. მომავალში წარმატება გველოდება.

მსაჯებზე არ ვილაპარაკებ. ყველა ყველაფერს ხედავს. რომ ვილაპარაკო, დამსჯიან. სურათები თქვენ წინაშეა. სირცხვილია, რომ ლა ლიგას კარის ხაზის ტექნოლოგია არ აქვს. მსაჯს ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია.

ჩემპიონატს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევთ, კარის ხაზის ტექნოლოგია არ აქვს! ბურთი კარში შევიდა.

როცა სეზონი იწყებოდა, "ხეტაფესთან" მატჩის მერევე ვთქვი, რომ არ მომწონდა ყველაფრის ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდენა. დღეს ამ ისტორიის დასასრული ვიხილეთ. ჩემი გუნდით ამაყი ვარ.

ჩემი მომავალი? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.

ლამინეს სახით ჩვენ განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს. ერთი-ერთზე სიტუაციებში ის თითქმის შეუჩერებელია. 16 წლის ასაკში ეს გასაოცარია. არაჩვეულებრივი აწმყო და მომავალი გვაქვს.

ფანებს უნდა ვუთხრათ, რომ "რეალზე" უკეთესები ვიყავით და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

დღეს უდიდესი უსამართლობის შეგრძნება მეუფლება. ყველამ ყველაფერი დაინახა. მტკიცებულებები არსებობს.

სეზონის დასრულებამდე 6 მატჩი დაგვრჩა. ლა ლიგის მოგება ურთულესი იქნება, თუმცა მეორე ადგილზე უნდა გავიდეთ, რათა სუპერთასზე ვითამაშოთ," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" "ბარსას" ახლა 11 ქულით უსწრებს. გუშინდელმა "კლასიკომ" პრიმერაში საჩემპიონო ინტრიგა დაასამარა.


Facebook კომენტარები