"ბარსელონაში" გადაწყვიტეს, რომ ვიტორ როკე მომავალ სეზონიდან კლუბში აღარ იქნება.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალთვიანი გაუგებრობისა და წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, კლუბმა როკეს გაშვება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბრაზილიელის იჯარის წესით გაშვებას ვარაუდობდნენ, როკეს აგენტმა დაჟინებით მოითხოვა, რომ კლუბისგან მხოლოდ პერმანენტულ ტრანსფერზე ყოფილიყო საუბარი.
ანდრე კარი, როკეს აგენტი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი კატალონიელებთან სამუდამოდ დაშორებას შეეცდება თუ კლუბი მას მომავლის პროექტის ნაწილად არ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ არ სურს მას იჯარის წესით სხვა კლუბში გადასვლა.
"თუ "ბარსელონა" ვიტორისთვის ადგილს არ გამოყოფს, სამწუხაროდ, ჩვენ ხელმძღვანელობასთან სხვა გამოსავლის მოსაძებნად მოგვიწევს საუბარი. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იჯარა საზიანოა, რადგან ისეთ კლუბში შესაძლოა წავიდეს, რომლის წევრიც არ არის და მასზე ნაკლებად იზრუნებენ. ამიტომაც, ეს მისი კარიერისთვის ძალიან სახიფათოა." განაცხადა როკეს აგენტმა.
მხარეებს შორის მსგავსი სიტუაციის გათვალისწინებით რთული მისახვედრი არაა, რომ ბრაზილიელი კლუბს მომავალ სეზონში დატოვებს, თანაც ეს არ იქნება იჯარა, არამედ საუბარია პერმანენტულ ტრანსფერზე, რაშიც დიდია შანსი, "ბარსამ" სოლიდური ფინანსური სარგებელიც მიიღოს.