როგორც მოგეხსენებათ, ბოლო საათებში გავრცელებულმა ცნობებმა ცხადყვეს, რომ ჩავი ერნანდესის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მაესტროს" ჩანაცვლების რეალური კანდიდატი ახლა სულ ორია: რაფა მარკესი ("ბარსა ატლეტიკი") და ჰანსი ფლიკი (უგუნდო).
მექსიკელ სპეციალისტზე დღეს ESPN-მაც დაწერა:
"რაფა მარკესის გუნდში დარჩენა გარანტირებული არ არის. "ბარსელონას" მისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნია და სარეზერვო გუნდის გაწვრთნაზე არც თავად მარკესია დარწმუნებული, რადგან მიაჩნია, რომ უფრო დიდი გამოწვევებისთვის გახლავთ მზად."
ცხადია, თუ რაფას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის ჩაბარებას შესთავაზებენ, იგი ამ წინადადებას სიხარულით მიიღებს.
რაც შეეხება ფლიკს, მას "ბლაუგრანაში" მუშაობა რომ უნდა, ამაზე დიდი ხანია ვიცით. გერმანელი სპეციალისტი ესპანური ენის შესწავლასაც კი შეუდგა.
აქვე გეტყვით, რომ ჩავის მომავალს "ბარსას" ხელმძღვანელობა სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. "მაესტროს" დარჩენა სურს, თუმცა გაბრაზებული ლაპორტა შეიძლება სხვა აზრზე იყოს.