როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახლავთ.
გერმანელ შუახაზელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. სწორედ ეს აიმედებთ კატალონიურ გრანდში, რომ იოზუას შეძენა შეღავათიან ფასად შეეძლებათ. მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელება მაინც საკმაო სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
სხვათა შორის, Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ხავიერ გასკონი წერს, რომ "ბარსას" კიმიხის ტიპის ფეხბურთელი საკუთარ შემადგენლობაშივე მოეძებნება:
"ბარსელონას" თავისი კიმიხი სახლშივე ჰყავს: მარკ კასადო. ორივეს 6 ნომრიანი მაისური აცვია, ორივეს შეუძლია ჩამშლელად და მარჯვენა მცველად თამაში, ორივეს ერთნაირი ფიზიკური და ტაქტიკური მახასიათებლები გააჩნია და ორივე მაღალი დონის ტექნიკითაა დაჯილდოვებული.
ერთ-ერთი მათგანი 40 მილიონი ევრო ღირს, მეორე კი უფასოა."
20 წლის კასადოს "ბარსასთან" კონტრაქტი ივლისში ეწურება, თუმცა ესპანურ პრესაში ამბობენ, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდება.
"ბარსელონა ატლეტიკის" მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში ესპანელმა 2 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება პირველ გუნდს, იქ მარკმა 4-ჯერ ითამაშა.