როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავი ერნანდესს ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს. აღნიშნული რამდენიმე დღეში ოფიციალურადაც დადასტურდება.
იქამდე კი ცნობილმა ჟურნალისტმა, მატეო მორეტომ მოგვაწოდა ინფორმაცია რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელიც 59 წლის სპეციალისტის "ბლაუგრანას" მესაჭედ დანიშვნისთვის გადამწყვეტი გამოდგა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ფლიკის აგენტის, პინი ზაჰავის ახლო ურთიერთობა "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ზაჰავი კლუბთან წარმატებით თანამშრომლობს.
"ბარსაში" ასევე ჩათვალეს, რომ ფლიკი მზადაა კატალონიურ გრანდში მუშაობის თანმდევ წნეხთან გასამკლავებლად, რადგან მას ზურგს "ბაიერნში" დაგროვებული გამოცდილება და მოგებული ტიტულები უმაგრებს.
ჰანსის გასახდელში დიდ სახელებთან უმუშავია. შემადგენლობაში დისციპლინის დამყარება მას ძალიან კარგად გამოსდის, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" კი ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
გარდა ამისა, ფლიკმა "ბარსას" სპორტულ დირექტორზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იწერებოდა, რომ დეკუ რაფა მარკესის კანდიდატურას ლობირებდა, მაგრამ გამოცდილ გერმანელთან პირადად შეხვედრამ მას აზრი შეაცვლევინა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი "ბლაუგრანასთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მის წარდგენას ხუთშაბათს ან პარასკევს ელოდებიან.