1 წლის და 7 თვის წინ
"იმედი მაქვს, დავბრუნდები" - ჩავის ბოლო პრესკონფერენცია "ბარსაში"
"იმედი მაქვს, დავბრუნდები" - ჩავის ბოლო პრესკონფერენცია "ბარსაში"

"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის 38-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა დღეს უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა გუნდის მესაჭის რანგში. ცხადია, ყველა შეკითხვა კლუბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:

"კარგად ვარ და თავს ამაყად ვგრძნობ. ეს მარტივი დღეები არ ყოფილა. თანამდებობაზე ორი წელი გავატარე. კლუბის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული ეტაპი გამოვიარეთ. სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ყველაფერი გავიღეთ."

"გუშინ პრეზიდენტს შევხვდი და მან გამაცნო მიზეზები, რის საფუძველზეც თვლის, რომ გუნდს მწვრთნელის შეცვლა სჭირდება."

"კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი იმისთვის, რაც "ბარსას" დასჭირდება. დღეიდან ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ."

"გადაწყვეტილება მათ მიიღეს. მნიშვნელობა არ აქვს, იგი მესმის თუ არა. ისინი ცვლილების საჭიროებას ხედავენ. მე ისევ მოტივირებული ვიყავი. მჯეროდა, რომ ამ შემადგენლობით საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლებოდა."

"ერთ დღეს დაბრუნება? რატომაც არა?! წარმომიდგენია, რომ აქ დავბრუნდები. ეს ძალიან მომეწონებოდა. "ბარსა" ჩემი ცხოვრების კლუბია. ცვალებადი ემოციები განვიცადეთ, თუმცა "ბარსელონაში" მუშაობა მსიამოვნებდა. კარს არ ვხურავ. იმედი მაქვს, რომ უკან დაბრუნების საშუალებას მომცემენ."

"კონტრაქტის გაწყვეტა? ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება. იმას გავაკეთებ, რასაც ყოველთვის ვამბობდი."

"ამ წელს საუკეთესოდ ნამდვილად ვერ გამოვედით. მართალია, რომ თამაშის კუთხით ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რათა ტიტულებისთვის ბრძოლაში კონკურენტუნარიანები ვყოფილიყავით. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებაში ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა."

"შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჟურნალისტებიც მომენატრებით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. "ბარსელონას" გაუმარჯოს!"

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა "ბლაუგრანა" 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. კატალონიურ გრანდს მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის თანამდებობაზე ჩავის ჰანსი ფლიკი შეცვლის.


Facebook კომენტარები