1 წლის და 8 თვის წინ
კვარაცხელია "ბარსას" დაუკავშირეს - ხვიჩა ჩავის მოთხოვნაა
კვარაცხელია "ბარსას" დაუკავშირეს - ხვიჩა ჩავის მოთხოვნაა

ესპანურმა გამოცემა Diario OK-მა ვრცელი სტატია მოამზადა, საიდანაც ვიგებთ, რომ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს თავის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა სურს.

აი, რას წერს გამოცემა "ნაპოლის" ქართველი გარემარბის შესახებ.

"ჩავიმ მომდევნო სეზონის დაგეგმვა უკვე დაიწყო. მისი მთავარი ამოცანა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება იქნება. ამ სეზონში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშით ხვიჩამ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. ეს ფეხბურთელი ერთ-ერთია, რომელსაც "ნაპოლის" სერია ა-ს ლიდერად ყოფნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

გარდა სხვა მსურველებისა, "ბარსელონას" კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებაში ისიც შეუშლის ხელს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიანო დე ლაურენტისს თავისი გუნდის ერთ-ერთი ბრილიანტის გასხვისება არ უნდა. იგივე ითქმის ვიქტორ ოსიმენზეც, რომელიც ნახევარი ევროპის სამიზნეა.

მიუხედავად ამისა, უკან დახევა ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის. მისი აზრით, კვარაცხელიას აქვს პოტენციალი, გახდეს ის ვარსკვლავი, რომელიც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაში დაეხმარება. კატალონიელებს ლა ლიგის ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვთ, თუმცა "ბარსას" თავკაცი ფიქრობს, რომ ევროსარბიელზე საბრძოლველად მხოლოდ არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვსკის ბირთვი არ იქნება საკმარისი. მწვრთნელს სჯერა, რომ სწორედ კვარაცხელიას მსგავს არაორდინალურ ფეხბურთელს ძალუძს, "ბარსას" სათანადო ბიძგი მისცეს, რათა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინოს.

რა თქმა უნდა, ტრანსფერების განსახორციელებლად "ბარსელონას" ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევს. ეს არა მარტო კვარაცხელიაზე, არამედ ნებისმიერ ახალწვეულზე ითქმის. ბუსკეტსის, ჟორდი ალბას ან თუნდაც ფრენკი დე იონგის წასვლა, შესაძლოა, "ბარსელონასთვის" სახელფასო განაკვეთის შემცირებისა და ტრანსფერისთვის საჭირო სივრცის მომტანი იყოს."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარამ "ნაპოლის" მაისურით 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 12 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები