2023/2024 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" წარუმატებელი გამოდგა, თუმცა გასულმა სეზონმა რამდენიმე აღმოჩენა მაინც დაგვიტოვა. ერთ-ერთი მათგანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 21 წლის ნახევარმცველი, ფერმინ ლოპესია.
ფერმინმა სეზონი 11 გოლითა და 1 ასისტით დახურა. ამ გოლთაგან უკანასკნელი მან გუშინ "სევილიას" გაუტანა და "ბლაუგრანას" 3 ქულა მოუტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელმა ნახევარმცველმა თავის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი ჩავის ნდობის გამოჩენისა და იმ შესაძლებლობის მოცემისთვის, რასაც პირველი გუნდის წევრობა ჰქვია.
ჩავიმ ჩემი ოცნება აასრულა. მე და ჩემი ოჯახი მუდამ მისი მადლიერნი ვიქნებით.
გაწეული შრომა ფასდება, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ პირველ წელს ყველაფერი ასე კარგად წავიდოდა," - თქვა ლოპესმა.
სხვათა შორის, ახალგაზრდა ნახევარმცველი ევრო 2024-ისთვის ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდა. დიდი ალბათობით, "ფურია როხას" იგი გერმანიაში აუცილებლად წაყვება.