ჩავის "ბარსელონაში" საყრდენის პოზიციის გაძლიერება იოზუა კიმიხით უნდოდა და ამ აზრს ჰანსი ფლიკიც იზიარებს, - იუწყება Sport.
გერმანელი სპეციალისტის რჩეულ 4:2:3:1 განლაგებაში 29 წლის შუახაზელს ორიდან ერთ-ერთი პივოტის ადგილი უჭირავს ხოლმე. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა სწორედ საყრდენის შეძენა იქნება, "რეკორდმაისტერის" ვარსკვლავი კი მთავარ სამიზნედ უნდა განვიხილოთ.
წყაროს თანახმად, თუ "ბლაუგრანამ" კიმიხის გაფორმება მოახერხა, სასტარტო შემადგენლობაში ფლიკი მას ილქაი გიუნდოგანს შეუწყვილებს.
მთავარი პრობლემა, რასაც კატალონიელები ეჩეხებიან, ისაა, რომ კლუბის პირველმა ეკონომიკურმა შეთავაზებამ ფეხბურთელი ვერ დააკმაყოფილა.
ცხადია, "ბარსას" მცდელობები კიდევ ექნება.
კიმიხს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. გასულ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.