Diario SPORT ირწმუნება, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ჯერ კიდევ სტკივა გული ჩავი ერნანდესის თანამდებობიდან გაშვების გამო.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტი თავს იდანაშაულებს, რადგან მთავარი მწვრთნელი ძალიან უხეში გზით შეცვალა. მისი აზრით, კლუბის ლეგენდას ასე არ უნდა მოპყრობოდნენ.
წყაროს თანახმად, ლაპორტა ბოლომდე ჩავის ბანაკში იყო და მისი შენარჩუნებაც ეწადა, მაგრამ ყველაფერი უკანასკნელ კვირებში შეიცვალა.
"მაესტროს" საქმე უკან მას შემდეგ წავიდა, რაც "ბარსამ" "ჟირონასთან" კატალონიური დერბი უშანსოდ წააგო (2:4). ამას დაემატა მის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიც, სადაც ჩავის შემადგენლობისადმი რწმენის ნაკლებობა შეეტყო (ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელობამ ასე ჩათვალა).
"ბარსელონა" 4 თვის განმავლობაში ცდილობდა ჩავის დარჩენაში დარწმუნებას, საწადელის მიღწევიდან რამდენიმე დღეში კი 44 წლის სპეციალისტს თავად მიუთითეს კარისკენ. კატალონიურმა გრანდმა ამ ვითარებას თავი დამაჯერებლად ნამდვილად ვერ გაართვა და ქაოტურად მართულის შთაბეჭდილება დატოვა, რასაც ლაპორტაც შესანიშნავად ხვდება.
მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ახლა ჰანსი ფლიკთან ერთად ახალი ეპოქის დაწყებას იმედოვნებენ, ამიტომ პრეზიდენტიც დროულად უნდა გადაერთოს შეცვლილ მოცემულობაზე.