Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ფერან მარტინესმა "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ხედვების შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა.
წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია, თუმცა განვითარებისთვის სივრცე ყოველთვის არსებობს. ჰანსი გეგმავს, რომ 4:2:3:1 ფორმაცია გამოიყენოს, რომელსაც 4:3:3-ად გარდაქმნაც შეეძლება.
ცხრიანის ადგილს რობერტ ლევანდოვსკი დაიკავებს, მის უკან კი შემტევ ნახევარმცველად პედრი გონსალესი იმოქმედებს. 59 წლის მწვრთნელი ასევე არ დაივიწყებს გოლებზე დაგეშილ ფერმინ ლოპესსაც. ცენტრში დარჩენილი ორი ადგილიდან ერთი ილქაი გიუნდოგანს აქვს გარანტირებული, მეორისთვის კი ფრენკი დე იონგი და პაბლო გავი იბრძოლებენ.
მარტინესის თქმით, ფლიკი პედრის თავის განკარგულებაში მყოფ ყველაზე კრეატიულ ფეხბურთელად მიიჩნევს. 21 წლის ესპანელს მოედნის ბოლო მესამედში უფრო ხშირად ყოფნის საშუალება მიეცემა, რაც მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობის გაზრდაშიც უნდა გამოიხატოს.
ცხადია, გერმანელის სასურველი "ბლაუგრანას" პირველი კონტურების ხილვა პრესეზონზევე შეგვეძლება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფლიკის თანამდებობაზე დანიშვნა გუშინწინ გაოფიციალურდა. მან "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.