როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა გამოაცხადა, რომ ევრო 2024-ის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. რობერტ ლევანდოვსკი გერმანელ ვარსკვლავზე ორი წლით უფროსია, თუმცა ბუცების ლურსმანზე დაკიდებაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს.
ამის შესახებ "ბარსელონას" ცენტრფორვარდს თავის ახალ ინტერვიუში მოუწია საუბარი.
"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის დასრულებაზე ვერ ვიფიქრებ.
შეიძლება კროოსმა ასეთი მომენტი იგრძნო, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.
კარიერის დასრულების დროს ჩემი გული შემატყობინებს. გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯერ რამე უნდა ვიგრძნო. არ ვიცი, ეს როდის მოხდება. ამის ჩემით განსაზღვრა ურთულესია. ჩემს გადაწყვეტილებაში ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული.
ევროპის ჩემპიონატის თითოეული წუთით ვისიამოვნებ," - თქვა 35 წლის თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები ევრო 2024-ზე D ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრება. პირველ მატჩს რობერტი 16 ივნისს, ნიდერლანდელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.