

რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ "ბარსელონა" "ნაიკთან" საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სარფიანი სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 სეზონის განმავლობაში "ბლაუგრანა" ამერიკული კომპანიისგან 1.3 მილიარდ ევროს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად კატალონიელები 120-130 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.
ფორმების მწარმოებელი კომპანიისგან საფეხბურთო კლუბს ამხელა თანხა აქამდე არასდროს მიუღია. შეთანხმების თაობაზე ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოს გაკეთდება.
როგორც გახსოვთ, "ბარსელონაში" "ნაიკთან" კონტრაქტის გაწყვეტასა და თანამშრომლობის "პუმასთან" დაწყებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ სამართლებრივმა ნიუანსებმა და ასეთი გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების პროგნოზირებამ კლუბს აზრი შეაცვლევინა.
"ნაიკთან" ხელშეკრულების გაუმჯობესება "ბარსას" ფინანსური ფეარ პლეის 1:1 წესზე დაბრუნებაში დაეხმარება.



