"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ვარსკვლავებს ვერ შეიძენენ. კლუბი მთელ აქცენტს ლიდერების შენარჩუნებასა და "ლა მასიელი" ტალანტების წინ წამოწევაზე გააკეთებს.
"კიმიხი და ზუბიმენდი? არა. არ მგონია, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიას დიდი სახელები ეყოლება, თუმცა ჩვენ არც ვარსკვლავებს გავყიდით.
ძვირადღირებულ შენაძენებსა და გაყიდვებზე არ ვფიქრობთ. ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. შეიძლება გარემარბი ან ნახევარმცველი გვჭირდებოდეს, მაგრამ აკადემიაში გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც პირველ გუნდში ამ პოზიციების დაფარვა შეუძლიათ..
ჰანსი ფლიკს უკვე ვესაუბრეთ და გავიაზრეთ, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ანდრეას კრისტენსენი აქ შესანიშნავად ირჯება. გუნდი მას ფრთხილად ეპყრობა, მაგრამ რაღაც განსხვავებულის მოგონებასაც ვეცდებით.
აკადემიაში არის მარკ კასადო, რომელსაც ფენომენალური სეზონი ჰქონდა. როგორც უკვე ვთქვი, დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს და რეზერვებსაც დავიხმართ. ეკონომიკური კუთხით ამ გარდამავალ პერიოდში სტაბილურობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება უნდა შევინარჩუნოთ," - თქვა ლაპორტამ.
არადა, პრესაში აქტიურად იწერება, რომ "ბარსას" საყრდენის პოზიციაზე უმაღლესი დონის ფეხბურთელის შეძენა უნდა. როგორც ჩანს, ან პრესა იტყუება, ან ლაპორტა.