"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუშინ გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკის მიერ გუნდის ფიზიკური ასპექტის გაუმჯობესებას იმედოვნებს.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის გარემოცვის რეაქცია ასეთი გახლდათ: "იანვარში ვნახავთ. ივან ტორესი (ფიზმომზადების მწვრთნელი) სრულყოფილად მუშაობდა. გუნდი ფიზიკურად იმაზე უკეთ მომზადებული ვერ იქნება, ვიდრე ახლაა."
ჩავის სტაფი ლაპორტას სიტყვებმა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი მატჩის მე-60 წუთის შემდეგ ეცემოდა, გაანაწყენა. მათ საამისო არგუმენტებიც აქვთ:
- "ბარსელონა" ლა ლიგაში საუკეთესო იყო მე-60 წუთის მერე გატანილი გოლების მიხედვით
- მათ მიერ გაშვებული გოლების მხოლოდ 38% მოდიოდა მატჩის ბოლო მესამედზე
- მატჩში საშუალოდ დაფარული კილომეტრების მაჩვენებლით "ბარსა" ჩემპიონატში რიგით მე-5 საუკეთესო გუნდი გახლდათ
თუმცა ვახსენოთ ისიც, რომ ეს უკანასკნელი მაჩვენებელი 2022/2023 წლების სეზონში გაცილებით უკეთესი იყო - მაშინ "ბარსელონა" ლა ლიგაში ამ მხრივ მე-2 ადგილზე გავიდა. კლუბში მსგავსი ვარდნის მიზეზად ისეთი ფეხბურთელების დანაკლისს მოიაზრებენ, როგორებიც უსმან დემბელე და პაბლო გავი არიან.