2023 წლის ზაფხულში "ბარსელონამ" საუდის არაბულ "ალ აჰლის" ფრანკ კესიე მიჰყიდა. არ არის გამორიცხული, რომ წელს "ლურჯ-ბროწეულისფრებს" არაბებთან სატრანსფერო მოლაპარაკებების წარმოება უფრო ხშირად მოუწიოთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არაბულ კლუბებს თვალი "ბლაუგრანას" პირველი გუნდის 6 ფეხბურთელზე უჭირავთ.
ყველაზე ბოლოს "ბარსას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს შესახებ დაიწერა. მას "ალ იტიჰადი" უმიზნებს. სხვათა შორის, "ალ იტიჰადში" "ბარსას" ყოფილი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი მუშაობს.
არაბეთის ნახევარკუნძულზე უკვე დიდი ხანია უხმობენ რობერტ ლევანდოვსკის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და რაფინიას. "ბარსელონას" დატოვება არცერთ მათგანს სურდა, თუმცა თუ რომელიმე მაინც წავა, ეს რაფინია იქნება, ოღონდ ბრაზილიელ შემტევს საუდის არაბეთის გაგონებაც კი არ უნდა. მისი სავარაუდო ნავსაყუდელი ინგლისის პრემიერ ლიგა უნდა იყოს.
საუდელებს ასევე უკავშირებენ კლემან ლანგლეს. ფრანგ უკანახაზელს "ბლაუგრანა" სიამოვნებით გაყიდდა, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელი აზიაში გადაბარგებას არც კი განიხილავს. კლემანს ევროპაში დარჩენა სწადია, რაც მისი კიდევ ერთხელ განათხოვრებით განხორციელდება.
რაც შეეხება ექვსეულის უკანასკნელ წევრს, იგი ჟოაუ ფელიქსია. "ბარსელონა" და "ატლეტიიკო" მისი იჯარის ერთი წლით გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ, მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ახალგაზრდა პორტუგალიელი შეიძლება სწორედ საუდის არაბეთში ვიხილოთ.