მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა, რომელიც გასულ სეზონში "ბარსელონაში" გახლდათ განათხოვრებული, ერთ-ერთ პოდკასტზე სტუმრობისას ბლიცინტერვიუ ჩაწერა.
ყველაზე საინტერესო შეკითხვა, რომელიც პორტუგალიელს დაუსვეს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს შეეხებოდა. თავისი ეროვნებიდან და "ბლაუგრანას" წევრობიდან გამომდინარე, ჟოაუმ არც მწვადი დაწვა და არც შამფური - არჩევანი რონალდინიოზე შეაჩერა.
ფელიქსის პასუხები შემდეგნაირი გახლდათ:
რას ნანობ? - "რამდენიმე ჟესტს, რომელიც გავაკეთე"
რომელ წესს შეცვლიდი ფეხბურთში? - "დავაწესებდი, რომ საჯარიმოში ხელით თამაში ყოველთვის პენალტი იყოს. ეს საკამათოს აღარაფერს დატოვებდა."
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? - "რონალდინიო"
ოქროს ბურთის მოგება გირჩევნია თუ ევრო 2024-ის? - "ევრო 2024-ის"
რა არის საუკეთესო რამ ფეხბურთში? - "ტიტულები"
რა არის ყველაზე ცუდი რამ ფეხბურთში? - "კრიტიკოსები"
ვის აქვს საუკეთესო იუმორი გასახდელში? - "ჟოაუ კანსელუს"
დარჩები თუ არა "ბარსელონაში?" - *იღიმის*
"ბარსელონა" ზაფხულში ეცდება, რომ "ატლეტიკო" ფელიქსის კიდევ ერთი წლით განათხოვრებაზე დაითანხმოს. სხვა შემთხვევაში, ჟოაუს "ბარსაში" დარჩენის ალბათობა ძალიან შემცირდება.