

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა "ბარსელონას" მცველების მომავალთან დაკავშირებით ახალი ცნობები შემოგვთავაზა.
სტატიაში არაფერი თქმულა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ურუგვაელი ვარსკვლავის, რონალდ არაუხოს შესახებ. იქამდე დაიწერა, რომ ჰანსი ფლიკი რონალდს გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობის ფიგურად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი სპეციალისტი 24 წლის უკანახაზელის გაშვებას არ დაუშვებს.
იგივე არ ითქმის ინიგო მარტინესზე. ვეტერანი ბასკის ლა ლიგაში დარეგისტრირება კლუბს განაღდებული ჯერ კიდევ არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ინიგოსთვის კონტრაქტით გათვალისწინებული მეორე წლის ხელფასის გადახდა მაინც მოუწევთ, გუნდის დატოვების მთავარ კანდიდატად სწორედ იგი განიხილება.
"ბარსაში" დარჩენა უნდათ ჟიულ კუნდესა და ანდრეას კრისტენსენსაც, მაგრამ სარფიანმა წინადადებამ გეგმები შეიძლება შეცვალოს.
მიკაილ ფაიესთან დაკავშირებით ყველა ფლიკის გადაწყვეტილებას ელოდება. ერთი რამ აშკარაა: "ბარსა" ან ახალგაზრდა სენეგალელმა უნდა დატოვოს, ან პირველ გუნდში მყოფი ცენტრალური მცველებიდან რომელიმემ.
ვახსენოთ ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდება "ჟირონაში" განათხოვრებული ერიკ გარსია. მისი შენარჩუნება-გაშვების საკითხი პრესეზონის მერე გაირკვევა.
რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ აქ ვინმეს დამატება საჭირო არ არის. კლუბი მხოლოდ ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვას ეცდება. პორტუგალიელის უნარი, რომ ორივე ფრთაზე თანაბარი წარმატებით ითამაშოს, მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავის სიტყვას იტყვის ექტორ ფორტიც. მარჯვენა ფლანგზე კი ხანდახან ჟიულ კუნდე იასპარეზებს. გარდა ამისა, გუნდში შეიძლება დაიტოვონ "ლას პალმასში" განათხოვრებული ხულიან არაუხოც.