ესპანეთის პროკურატურამ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ბრალი ნეგრეირას საქმეზე წაუყენა. "ბლაუგრანასა" და კატალონიელთა ორ ყოფილ პრეზიდენტს (სანდრო როსელსა და ხოსეპ მარია ბართომეუს) ბრალი კორუფციულ სქემაში ედებათ, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენრიკე ნეგრეირასთვის ფულიის გადახდაში გამოიხატებოდა.
2001-2018 წლებში, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ნეგრეირას სახელზე არსებულ ფირმებს ჯამში 7.3 მილიონი ევრო გადაურიცხეს.
პროკურატურას მტკიცებით, მხარეებს შორის არსებობდა საიდუმლო გარიგება, რომელიც გულისხმობდა, რომ ფულის სანაცვლოდ, ნეგრეირა "ბარსას" მფარველობდა მსაჯების მიერ როგორც კონკრეტულ მატჩებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე შიდა ტურნირებში ნაჩვენებ შედეგებთან მიმართებაში.
The Athletic წერს, რომ ბართომეუსა და როსელს ციხეში 4 წლის გატარება ემუქრებათ. შეიძლება დადგეს პროფესიული დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმებიც.
"ბარსელონას" აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია.
შეგახსენებთ, რომ ნეგრეირას სკანდალი რამდენიმე კვირის წინ გასკდა. პრესაში პირველი ცნობების გამოჩენის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში კლუბმა ახსნა, რომ თანხის სანაცვლოდ იგი მსაჯებზე რჩევებსა და შედარებით დაბალი დივიზიონების ფეხბურთელთა შესახებ დაწერილ რაპორტებს იღებდა. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ამტკიცებენ, რომ ეს სავსებით ლეგალურია.