"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში სიამოვნებით იხილავდა "ლივერპულის" ეგვიპტელ ვარსკვლავს, მუჰამედ სალაჰს.
40 წლის ფეხბურთელმა ამაზე Vamos La Liga პოდკასტზე სტუმრობისას ისაუბრა.
"მუჰამედ სალაჰის შეძენა "ბარსასთვის" ბრწყინვალე ტრანსფერი იქნებოდა," - თქვა ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჩემპიონატში გამოდის.
რაც შეეხება სალაჰს, "ბლაუგრანას" მას წარსულში ხშირად უკავშირებდნენ. ყველაზე აქტიურად ამაზე 2021 წელს იწერებოდა, როცა მოს "პარი სენ ჟერმენში" წასული ლიონელ მესის შესაძლო შემცვლელად განიხილავდნენ.
"წითლებმა" ეგვიპტელის გაშვებაზე მაშინ უარი განაცხადეს. მოს ასაკიდან გამომდინარე, "ლივერპული" ახლა მას გაცილებით იოლად შეელეოდა, მაგრამ ლამინ იამალის "ბარსას" პირველ გუნდში გამოჩენის შემდეგ, ძალიან დაბალია იმის შანსი, კლუბმა მის პოზიციაზე ამ დონის ფეხბურთელი მიიყვანოს.
აქვე გეტყვით, რომ მერსესაიდელთა რიგებში ჩატარებულ 349 მატჩში სალაჰის მონაგარი 211 გოლი და 89 ასისტია.