

ვიტორ როკემ შვებულება ნაადრევად დაასრულა და ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა, - იუწყება Mundo Deportivo.
მიუხედავად ყველა იმ ჭორისა, რომელიც ბრაზილიელის მომავალთან დაკავშირებით გაისმის, 19 წლის ფორვარდმა იცის, რომ ჰანსი ფლიკის გეგმებში შედის. უკვე რამდენიმე დღეა, ვიტორი "ბლაუგრანას" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს, რათა სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
როკე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ფიზმომზადების მწვრთნელთან და ძალების აღდგენის სპეციალისტთან ერთად.
მართალია, "ატლეტიკო პარანაენსედან" შეძენილ თავდამსხმელს ბევრი კლუბი უმიზნებს, თუმცა მას ამ შეთავაზებების მოსმენა ჯერ არ სურს.
ვიტორი ახლა მუყაითად იშრომებს, რომ "ბლაუგრანას" გერმანელ სპეციალისტს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბრაზილიელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 16 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.



