ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024 ჩინებულად დაიწყო. "ფურია როხამ" ხორვატიის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
მატჩი წარმატებული გამოდგა "ბარსელონას" 16 წლის შემტევის, ლამინ იამალისთვის, რომელიც ჯერ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, შემდეგ კი ეს დანი კარვახალის გოლზე გაკეთებული ასისტით აღნიშნა.
იამალმა მატჩის შემდეგ მცირე ინტერვიუც ჩაწერა.
"ხაზებს შორის ეფექტურად თამაში გვინდოდა. რისი გაკეთებაც არ უნდა დამჭირდეს გუნდისთვის, მე ამას გავაკეთებ.
ძალიან კარგად ვითამაშეთ. თავდაჯერება გვეტყობოდა. ხარისხიანი გუნდი გვყავს და შეგვიძლია ვაჩვენოთ იმ სამუშაოს შედეგი, რაც გასული თვეების განმავლობაში გავწიეთ.
კარვახალი ძალიან ბედნიერია. ის გასაოცარ ფორმაშია," - თქვა იამალმა.
მომდევნო მატჩს ესპანელები იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.