დღის განმავლობაში ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელი, ჟოაუ ფელიქსი სტამბოლის "ფენერბახჩეს" რადარზე იმყოფებოდა.
აღნიშნულ ცნობებს Marca გამოეხმაურა. როგორც ირკვევა, "ფენერის" ახალმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ თავის გუნდში 24 წლის შემტევის ტრანსფერი გამორიცხა.
მართალია, მოუ ფელიქსს შესანიშნავად იცნობს, მაგრამ იგი სხვა ტიპის ფორვარდს ეძებს. არადა, იქიდან გამომდინარე, რომ ჟოზესა და ჟოაუს საერთო აგენტი ჰყავთ, ჟორჟე მენდეშის სახით, ტრანსფერის განხორციელება შეიძლება არც ისე რთული ყოფილიყო.
"ფენერბახჩეს" საქმიდან გასვლა ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონა" კვლავ რჩება ჯერჯერობით ერთადერთ კლუბად, რომელიც ახალგაზრდა პორტუგალიელითაა დაინტერესებული.
"ატლეტიკო" ჟოაუს შენარჩუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. მაშასადამე, თუ სხვა მსურველი არ გამოჩნდა, "როხიბლანკოს" შეიძლება ფელიქსის კიდევ 1 წლით განათხოვრებაზე მოუწიოს დათანხმება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟოაუ "ბარსელონას" 10 გოლითა და 6 ასისტით დაეხმარა.