"ბარსელონას" 18 წლის ცენტრფორვარდი, მარკ გიუ ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში გამოჩნდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელი შემტევი მიუნხენის "ბაიერნისა" და ლონდონის "ჩელსის" რადარებზე იმყოფება.
"ბლაუგრანას" მარკთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ სიტუაცია არც ისე იოლია.
საგულისხმოა, რომ გიუს გამოსასყიდი თანხა დღეს 6 მილიონი ევროა. შესაბამისად, თუ ესპანელმა სხვა კლუბში მოინდომა კარიერის გაგრძელება, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ამისთვის ხელის შეშლის რეალური ბერკეტი არ მოეპოვებათ.
მართალია, მარკის გარემოცვა "ბარსელონასთან" ახალი ხელშეკრულების საკითხს უკვე დახურულად მიიჩნევს, თუმცა ის ფაქტი, რომ პირველ გუნდში გიუს სათამაშო პრაქტიკა გარანტირებული მაინც არ ექნება, ბევრ რამეს ცვლის. საგულისხმოა, რომ "ბლაუგრანაში" ვიტორ როკეს უფრო წინ განიხილავენ, ვიდრე "ლა მასიელს".
გიუს უკვე დიდი ხანია, რაც "სევილიას" უკავშირებენ. "დალაქებს" სათავეში "ბარსა ატლეტიკის" ყოფილი მესაჭე, გარსია პიმიენტა ჩაუდგა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გასულ სეზონში ფორვარდმა "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით 7-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.