5 თვის წინ
იყიდება თითქმის ყველა - "ბარსას" 6 ხელშეუხებელი ჰყავს
იყიდება თითქმის ყველა - "ბარსას" 6 ხელშეუხებელი ჰყავს

"ბარსელონას" მხოლოდ 6 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს, - იუწყება SPORT.

ესპანური გამოცემის თანახმად, მხოლოდ მარკ ანდრე ტერ შტეგენი, პაუ კუბარსი, პაბლო გავი, პედრი გონსალესი, ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი არიან ის მოთამაშეები, რომელთა გაყიდვასაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ნებისმიერ ვარიანტში გამორიცხავენ.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, ზოგიერთის წასვლას კლუბი მხოლოდ მიესალმება, ზოგიერთს კი მარტო იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რომელზედაც უარს უბრალოდ ვერ იტყვის.

ტერ შტეგენთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. გერმანელი კიპერი "ბარსას" ერთ-ერთი ლიდერია და მისი თამაშის დონე კმაყოფილებას იწვევს. SPOR-ის შეფასებით, გამოცდილი მეკარის ბოლო 2 სეზონი ფანტასტიკური გახლდათ და იგი "ბლაუგრანას" კარის დარაჯობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მარკ-ანდრეს ჩანაცვლების საკითხი კლუბში არასდროს დასმულა.

გამოსარჩევია გავიც, რომელსაც ფლიკი თავისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან დანამატად განიხილავს. 19 წლის ნახევარმცველი, რომელიც ტრავმიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდება, გუნდს ტალანტს, ენერგიას, ამბიციას, ლიდერობასა და ფიზიკურ ძალას შესძენს.

გასაყიდებზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ თუ "ბარსა" ჟიულ კუნდეზე ან ანდრეას კრისტენსენზე სარფიან წინადადებას მიიღებს, მას აუცილებლად განიხილავს. გარდა ამისა, შეიძლება დავემშვიდობოთ ფრენკი დე იონგსაც. ნიდერლანდელის ხელფასი ძალიან მაღალია და "ბარსა" მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა კატალონიელებს პასუხი ჯერ არ მიუღიათ.


Facebook კომენტარები