1 წლის და 6 თვის წინ
იამალს პასს არ აძლევდნენ - რა ხდებოდა "ბარსაში" სეზონის სტარტზე
იამალს პასს არ აძლევდნენ - რა ხდებოდა "ბარსაში" სეზონის სტარტზე

"ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტი, ლამინ იამალი 2023/2024 წლების სეზონში ჯერ კატალონიური გრანდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა, ახლა კი ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრადაა ქცეული და ევრო 2024-ზე ფანტასტიკურად გამოიყურება.

ცხადია, როცა ფეხბურთელი ამ ყველაფერს ასეთ ასაკში აკეთებს, ეს მის მიღწევას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. შთამბეჭდავია ის გზაც, რომელიც მან ამ წამამდე გაიარა.

მაგალითად, Que Thi Jugues-ს თუ დავუჯერებთ, სეზონის დასაწყისში იყო მომენტები, როცა "ბლაუგრანას" მოთამაშეები მცირეწლოვან თანაგუნდელს პასს განზრახ არ უკეთებდნენ. ასეთი შემთხვევა ერთი და ორი არ ყოფილა.

საბედნიეროდ, მოცემულობა მალე შეიცვალა და განსაკუთრებით ეს რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიასა და ჟიულ კუნდეს შეეხება.

პოლონელ თავდამსხმელთან დაკავშირებით წყარომ ერთი მეტად უცნაური ეპიზოდის შესახებაც გვიამბო, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთ-ერთ სავარჯიშო სესიაზე იამალი მასზე ასაკით გაცილებით უფროს შემტევს გაეხუმრა და მიწაზე დასცა, რაც რობერტს არ მოეწონა.

ძნელი სათქმელია, რას ემსახურებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ლევანდოვსკიმ სეზონის მიმდინარეობისას ლამინის მენტორის როლი მოირგო და ეს შესანიშნავად გამოუვიდა.


Facebook კომენტარები